ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, მონიტორინგის ჯგუფმა პროექტში ჩართული 30-ზე მეტი განთავსებისა და კვების ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადად ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. მონიტორინგის ჯგუფმა ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ტურისტულ ობიექტებს წერილობითი რეკომენდაციები მიაწოდა.

მათივე ინფორმაციით, 1 მაისიდან დაიწყება ტექნიკური შემოწმების მეორე ეტაპი, რომელსაც მხოლოდ ის განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხს ტურისტულ ობიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

„მოიტორინგის პირველადი შედეგები შეიძლება ითქვას, დადებითია, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ხარვეზები დასახვეწი და გამოსასწორებელია. ჩვენ უკვე მივაწოდეთ წერილობითი რეკომენდაციები ობიექტებს, თუ რა და როგორ უნდა გამოასწორონ მონიტორინგის მეორე ეტაპის დაწყებამდე. მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით შევა სურსათის ეროვნული სააგენტო ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 15 მაისიდან მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს ჩვენ რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარვუდგენთ და პირველი ივნისისთვის უკვე ერთობლივად გადავწყვეტთ, ვინ მიიღებს ხარისხის ნიშანს “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ”,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, 1 ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს, თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.