კომუნიკაციების კომისიამ ”ALTERVISION TV”-ს მაუწყებლობაზე ავტორიზაცია სამი წლით შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,ALTERVISION TV“ კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა, ასევე კომპანიის განცხადების საფუძველზე მაუწყებლობას ავტორიზაცია მომდევნო სამი წლით შეუჩერა. ამის შესახებ თავად კომპანიაში აცხადებენ.

”2015 წლის 17 ივნისს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ტელემაუწყებლობა ავტორიზებადი საქმიანობა გახდა. ყველა ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია ავტომატურად გაუქმდა და კომისიამ აღნიშნული კომპანიების კომისიის უწყებრივ რეესრტში ხელახალი რეგისტრაციის (ავტორიზების) პროცესი დაიწყო. ამავე ცვლილებების შესაბამისად, კანონმა მაუწყებლების მხრიდან სამაუწყებლო ენის/ენების, გავრცელების ტექნოლოგიის და სავარაუდო გეოგრაფიული არეალის შესახებ, საქმიანობის დაფინანსების გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის და ქონებრივი დეკლარაციის შევსების აუცილებლობა გამოიწვია.

კომისიამ შპს ,,ALTERVISION TV“-ს არაერთი წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა ზემოთხსენებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის მიზნით, თუმცა კომპანიამ კომისიის წერილები რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვიტა კომპანიის წერილობით გაფრთხილება, ასევე დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა და მაუწყებლობაზე ავტორიზაცია შეუჩერა სამი წლის ვადით,” - აცხადებენ კომისიაში.