შემოსავლების სამსახური „თავისუფალ თაობას“ პასუხობს

შემოსავლების სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობას“ და მის ხელმძღვანელს, ვლადიმერ სადღობელაშვილს პასუხობს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აქციის მონაწილეების მიერ დღეს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები გაისმა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება. ”საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, კერძოდ, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს სსკ-ს 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმად, სსკ-ს 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) „2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას)“.

ბ) „2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას)“.

გ) „ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა“.

2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მიხედვით უკვე 18 864 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 102 227 999,26 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 927 გადამხდელს 1 092 150 230,74 ლარი, ბ) ნაწილით - 871 გადამხდელს 5 080 456,64 ლარი, გ) ნაწილით - 7 066 გადამხდელს 4 997 311,88 ლარი.

ათასობით გადამხდელისათვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა კანონის ნორმების სრული დაცვით განხორციელდა. ეს იმ გადამხდელთა კატეგორია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა და ფაქტობრივად, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უიმედო ვალად ითვლება.

რაც შეეხება იმ პირთა სიის გასაჯაროებას, ვისაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება განვმარტავთ, რომ სსკ-ს 39-ე მუხლის შესაბამისად, „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია 15 აპრილს, წერილის სახით, გაეგზავნა ორგანიზაციის „თავისუფალი თაობა“ ხელმძღვანელს. წერილში განმარტებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის თაობაზე.

”მოგვიანებით, კიდევ ერთი წერილობითი პასუხი გაიგზავნა ვლადიმერ სადღობელაშვილის სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ვლადიმერ სადღობელაშვილმა დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მოაწყო და მასმედიის წარმომადგენლებთან გააჟღერა მისი უსაფუძვლო მოსაზრებები და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ აბსურდული ბრალდებები”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროსთან ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ აქცია, სახელწოდებით „შემოულაწუნე ნოდარს“ გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სამინისტროსგან, თუ ვის და რა რაოდენობის ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 2015 წელს. როგორც ლადო სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომლის მიხედვითაც, ნოდარ ხადური შეკრულია ”ნაცმოძრაობის” ”კარის ბიზნესმენებთან” და ე.წ „ატკატით “ ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„თავისუფალმა თაობამ“ სამინისტროში ოფიციალური წერილიც დაარეგისტრირა, რომელშიც ორგანიზაციის წევრების განცხადებით, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, იმ იურიდიულ პირთა ვინაობის გასაჯაროებას, ვისაც 2013-2015 წლებში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა და განემარტოთ მიზეზი, თუ რა პრინციპით იქნა შერჩეული და რა ვალდებულებები აიღეს საგადასახადო დავალიანებებისაგან გათავისუფლებულმა კომპანიებმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ წლებში ჩამოწერილმა საგადასახადო დავალიანებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.