სემეკ-მა მოქალაქეებს 40 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მოქალაქეებს 40 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა უმრავლესობა მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.

დავები ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს მოიცავდა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 40 060.19 ლარი შეადგინა.

”კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, - აცხადებენ სემეკში.