შპს ”კვირა-ტვ”-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარი ეთქვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „კვირა-ტვ“-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარი ეთქვა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, კომპანია ინტერნეტით კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაციას ითხოვდა.

”შპს „კვირა-ტვ“-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადებასთან ერთად თანდართულ დოკუმენტაციაში დაფინანსების წყაროებში, სხვა წყაროებთან ერთად, მითითებული იყო სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიზნობრივი საზოგადოებრივ-კულტურული და სოციალური პროექტები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა სოციალური რეკლამის განთავსებისა და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად მომსახურების შესყიდვისა”, - აცხადებენ კომისიაში.

კომისიამ საკითხის განხილვის და შპს „კვირა-ტვ“-ს ხელმძღვანელობის პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან განცხადების შეუსაბამობის გამო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარი უთხრა.