საქართველოში ყოველი მეცხრე მანქანა ჯართია

საქართველოს ავტოპარკის 11-12% გამოუსადეგარი ავტომობილებია. ეს ის მანქანებია, რომელიც მწყობრიდან გამოსულია და არ მოძრაობს. წესით, ყველა ასეთი მანქანა ჯართში უნდა იყრიდეს თავს ან მათთვის სპეციალური ადგილი არსებობდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ხალხს მათი მიტანა ჯართის პუნქტამდეც უჭირს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ტრანსპორტის ევაკუაციის შესაძლებლობაც არ არის.

ამიტომ მწყობრიდან გამოსული მანქანები დაყრილია ყველგან - ეზოებში, ქუჩებში თუ სახლის სიახლოვეს, სადაც ადგილის გამონახვა შეიძლება.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე პრობლემის მიზეზად ჯართის დაბალ ფასს მიიჩნევს. მანქანის ჩაბარების ღირებულება ტრანსპორტირების ხარჯზე ნაკლებია, რის გამოც ხალხს გამოუსადეგარი ტრანსპორტის ჩაბარება არ უღირს.

"ჯართის პუნქტში მანქანის ჩაბარება, მინიმუმ 40-50 ლარი ჯდება. ეს თანხა ნაკლებია ჯართის ფასთან შედარებით და ხარჯს ყველა გაურბის. ამასწინათ წავაწყდი მსგავს პობლემას, ჯიპის ძარა უნდა გაგვეტანა ერთი ადგილიდან. ტრანსპორტირებაში 40 ლარი მომთხოვეს, ისიც ნაცნობობით, სინამდვილეში 50 ლარზე ნაკლები არ ჯდება. ამ თანხის გადახდა განსაკუთრებით ძნელია პატარა მანქანების მეპატრონეთათვის, რომელიც ცოტას იწონის.

თუ ადამიანი 5 ლარს ტრანსპორტირებაში დახარჯავს, შეიძლება ჯართში 20 ლარიც ვერ აიღოს. ამიტომ მას ურჩევნია, რომ გამოუსადეგარი ტრანსპორტი ეზოში იდგეს", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მისი თქმით, მანქანის ტრანსპორტირება ხალხს დედაქალაქშიც კი უჭირს, ხოლო რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან იქ კომუნიკაციის შესაძლებლობა ხალხს ნაკლებად აქვს.

"არ უნდა გვიკვირდეს, რომ უკვე ჟანგმოკიდებული, ძველი მანქანები სახლებსა და ეზოებში უყენიათ. ასეთი ავტომობილების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 12%-მდეა. თუ გავითვალისწინებთ ძველი ხნოვანების, 20 წელს გადაცილებულ მანქანებს, უკვე მთელი ავტოპარკის ნახევარზე მეტს მოიცავს. ეს ის მანქანებია, რომლებიც მოძრაობენ, მაგრამ მწყობრიდან გამოსვლამდე არც რა უკლიათ", - აცხადებს ჯამაგიძე.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გამოუსადეგარი მანქანებისთვის სპეციალიზებული ადგილის გამოყოფა თბილისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ავტოექსპერტი ვახუშტი გიგაური ამბობს, რომ ტექდათვალიერების შემდეგ პრობლემა უფრო მწვავე გახდება.

"საქართველო ისედაც ლამის მანქანების სასაფლაოდ იქცეს. საინტერესოა, რა ბედი ეწევა იმ მანქანებს, რომელნიც 25 წელზე მეტს ითვლის? ცხადია, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან და ხალხს ეზოებში, ქუჩებში მოუწევს მათი დაყენება. ზოგს ადგილიც არ აქვს და ალბათ, ეზოებიდან ქუჩებში გადაინაცვლებენ. ახლაც აბსოლუტურად იგივე ხდება. ძლიან რთული სიტუაციაა და სახელმიფოს მხრიდან ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

მთლიანი ავტოპარკის 70%-მდე ძველი და თითქმის მწყობრიდან გამოსულ მანქანებს უჭირავს. ცხადია, ტექდათვალიერება ამ რეალობას ერთ თვეში ან ერთ წელიწადში ვერ შეცვლის. ავტოპარკი ეტაპობრივად უნდა განახლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. სერიოზული პრობლემაა, რასაც სასწრაფოდ შველა სჭირდება", - ამბობს ვახუშტი გიგაური.

მწყობრიდან გამოსული მანქანების ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ მათი მფლობელებიც. ეს თემა, როგორც აღმოჩნდა, პოპულარულია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით "ფორუმზე", სადაც ხალხი რჩევას ითხოვს.

"მანქანის ძარის ჩაბარება მინდა ჯართში. ავტოფარეხის შესასვლელში მიყენია და ბევრ მოძრავ ავტომობილს უშლის ხელს, მთავარია, მოვაშორო რამენაირად. ცარიელი ძარაა, საბურავებიც არ აქვს. "ბარგალკითაც" დავიწყე დაჭრა, მაგრამ არ გამომივიდა. ელიავაზე მუშებმა 120 ლარი მომთხოვეს. ცხადია, ამ თანხის გადახდა არ მიღირს, ვერც გამოსავალს ვპოულობ", - ამბობს "ფორუმის" მომხმარებელი.

საჯაროდ ამ პრობლემაზე არ საუბრობს, თუმცა ვერც დამოუკიდებლად აგვარებს პრობლემას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა გიორგი ხოჯავამ საბჭოური მანქანა სახლთან ახლოს 5 წლის წინ დააყენა და დღემდე მისთვის ადგილის შეცვლა არ უცდია. როგორც ამბობს, მანქანას კარგა ხანია, ჟანგი მოეკიდა და ჯართში ჩაბარებას ცდილობს.

"ძველი მანქანაა, არ მოძრაობს და არც შეკეთებას აქვს აზრი. თავდაპირველად ვფიქრობი, რომ იაფად გავყიდდი და ცოტა სარეგებლსაც ვნახავდი, მაგრამ შევცდი, თავის დროზე 300 დოლარად არ გავყიდე, ახლა ჟანგი ჭამს და 100 ლარადაც ვერ გავყიდი.

ჯართში ჩაბარებასაც ვერ ვახერხებ, ტრანსპორტირებაში 70 ლარი მომთხოვეს. ამიტომ ხელი ჩავიქნიე. ჯართის შემგროვებლებს რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ არ მოსულან. უკვე მეზობლებსაც ვუქმნი პრობლემას. თუ ამ მანქანას ვინმე უფასოდ გადამიყვანს, ჯართის ფულსაც არ დავეძებ, მთავარია, "ტერიტორიას როგორმე მოვაშორო", - ამბობს გიორგი ხოჯავა.

ანალოგიურ პრობლემას ხალხი საქართველოს ყველა კუთხეში და, ალბათ, ყველა სოფელშიც შეიძლება აწყდებოდეს. რეგიონებში ჩვენც შეგვიმჩნევია ქუჩებსა და ეზოებში მიგდებული ჟანგიანი, უმოძრაო მანქანები. იმ 12%-ში, რომელიც მწყობრიდან გამოსული მანქანების რაოდენობას ასახავს, დიდწილად რეგიონები დომინირებს, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"