IDFI პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტები

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები.

ამის შესახებ IDFI-ის რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ კვლევის „ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები“ შედეგებზე დაყრდნობით მოამზადა, რაც ორგანიზაციამ ”პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ ჩაატარა.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ოფშორებიდან განხორციელებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა და 371 109 900 დოლარი შეადგინა და მას შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი მუდმივად იცვლება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მოქმედებას სერიოზული რისკები ახლავს.

IDFI-ში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელი ხდება იმის გადამოწმება, თუ ვისი ინტერესები დგას ქვეყანაში მოქმედი ამა თუ იმ მსხვილი ბიზნესის უკან, რადგან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები საკუთარ წესდებას, ზუსტი მფლობელების ვინაობას, ხელშეკრულების პირობებსა და სხვა დეტალებს არ აქვეყნებენ იმ ქვეყნის საჯარო რეესტრში, სადაც მოღვაწეობენ. აღნიშნული ფაქტი კი კორუფციული გარიგებების და ინტერესთა შეუთავსებლობის პოტენციური შემთხვევების რისკებს ზრდის.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის მოქალაქეები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს საქართველოს ეკონომიკაში და სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ოფშორულ ზონებში განხორციელებულ გარიგებებზე ზემოქმედებისა.

”ოფშორული კომპანიები თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეიძლება გამოიყენონ ფულის გათეთრების, კორუფციის ან ბიზნეს სუბიექტებზე უკანონო ზეწოლის განსახორციელებლად. პანამის დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ჯგუფები ოფშორულ კომპანიებს იყენებენ იმისთვის, რომ დამალონ შემოსავალი და თავიდან აირიდონ გადასახადების გადახდა, რითაც ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს”, - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს და მათგან პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაეყრდნოს ევროპარლამენტის პრაქტიკას და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, განსაზღვროს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები (მაგ: ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება, პორტები, რკინიგზა, ბეჭდვითი და ახალი მედია და ა.შ.) და მიიღოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას, როგორც ეს 2011 წელს სატელემაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებით მოხდა”, - ნათქვამია ”ინფორმაციის თავისუფლებს განვითარების ინსტიტუტის” კვლევაში.