საქართველოს საეკლესიო პროდუქცია საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს

საქართველოს საეკლესიო პროდუქცია საერთაშორისო კონფერენციაზე - “სამონასტრო პროდუქცია და მცირე მეწარმეები მართლმამიდებლურ სამყაროში” იყო წარმოდგენილი.

კონფერენცია ისტორიულ ქალაქ სპარტაში (საბერძნეთი) ჩატარდა და მას საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა.

დეპუტატის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილოება 15 მართმადიდებელი ქვეყნის პარლამენტის და ეკლესიის წარმომადგენელმა მიიღო.

საერთაშორისო კონფერენციაზე პირველად იყო წარდგენილი საქართველოს საეკლესიო პროდუქცია. ევროპაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილი იქნა ალავერდის, ხაშმის, შავნაბადის, ნეკრესის და ატენის მონასტრების მიერ წარმოებული ღვინო და თაფლი, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში ხელით ნაკეთები თექის 7 სახეობის პროდუქცია, წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის სკოლა-პანსიონში წარმოებული ქართული მინანქრის 23 სახეობის ნაკეთობა.

“წარდგენილმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული სამონასტრო პროდუქციის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველი, ეს ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული რელიგიის სამშობლოს ცნობადობის გაზრდას, სასარგებლო და ჯანსაღი, მათ შორის, კვების პროდუქტების წარმოებას, რელიგიური ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში, ადამიანების დასაქმებას. სამონასტრო პროდუქცია დიდი ნდობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მისი სერთიფიცირების შემთხვევაში, ევროკავშირთან დადებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების გამო საქართველოსთვის გახსნილი იქნება ნახევარმილიარდიანი ყველაზე მაღალი მსყიდველობისუნარიანი ბაზარი“, - აცხადებს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.