გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა ფუჭია

ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ რეალურად დასაქმების შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების ნახევარზე მეტი ისე იხურება, რომ ადამიანები სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სააგენტოების წარმომადგენლები ამის მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ხოლო სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს მიიჩნევენ.

თამამად შეიძლება თქვა, რომ გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა ფუჭია. განსაკუთრებით ის, სადაც შრომის ანაზღაურების რაოდენობა კონფიდენციალურია. დიდი ალბათობით, ასეთი "კონფიდენციალობის" მიღმა მწირი ხელფასია, რაც ხალხს მოტივაციას უკარგავს.

როგორც აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით, წელს ვაკანსიების რაოდენობამ 14%-ით მოიმატა, თუმცა წინა თვესთან შედარებით, მათი რიცხვი შემცირებულია. დასაქმების სააგენტოებში ცვლილების მიზეზად წინასააღდგომო პერიოდს მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა კვლავ მოიმატებს, რადგან წინ საკურორტო სეზონია.

ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია, რადგან გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა სწორედ აჭარის რეგიონზე მოდის და საკურორტო ბიზნესს უკავშირდება.

HR.GE-ში განმარტავენ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ვაჭრობის მიმართულებითაა. კომპანიის წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი აცხადებს, რომ ამ კატეგორიის განცხადებებს მთლიანი ვაკანსიების 21% უჭირავს. შემდეგ მოდის კვების სფერო, რომლის წილიც 8%-ს შეადგენს. ამდენივეა კლიენტთა მომსახურების მიმართულება, ხოლო 7-7%-ს სამედიცინო და საბანკო სექტორი ინაწილებს. ვაკანსიების დაახლოებით 5% ტრენინგებს უკავია, რომელიც დასაქმებას არ ითვალისწინებს.

"მარტი განსაკუთრებით აქტიური იყო ვაკანსიების კუთხით, წინასააღდგომოდ აქტიურობა შენელებულია, თუმცა მაისში ისევ მოიმატებს, რადგან საკურორტო სეზონი ახლოვდება და მოთხოვნაც შესაბამისად დიდი იქნება. თავისუფალი სამუშაო ადგილების ზრდა ასევე განპირობებულია ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენით", - აცხადებს იგი.

ვაკანსიების 40%-ზე მეტი პერიოდულად ახლდება, ხოლო დანარჩენი იხურება, თუმცა, ეს არ იძლევა საბაბს ვთქვათ, რომ ამ ნაწილში ვაკანტური ადგილი შეივსო. ამჟამად HR.GE-ზე 2007 აქტიური განცხადებაა, აქედან 1859 ვაკანსიაა.

დასაქმების სააგენტოების ნაწილში განსხვავებული მდგომარეობაა. კომპანია "ჯობ-ჯეო.კომ"-ში აცხადებენ, რომ ტენდენცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მომხმარებლების უმეტესობას დიდ თანამდებობაზე დასაქმების პრეტენზია არ აქვს და ხშირად მარტივ გზას ეძებს.

"შემოსული განცხადებების უმრავლესობა დასაქმების მაძიებლებს ეკუთვნის. ყველაზე მეტი მოთხოვნა გაყიდვების სფეროზეა. მოქალაქეებიც ისეთ სამუშაოს ეძებენ, სადაც დასაქმება მარტივადაა შესაძლებელი. ამასთან, არც მაღალ პოზიციებზე აქვთ მოთხოვნა. უმეტესწილად, კონსულტანტის, მოლარის, სტილისტის, მძღოლისა და მიმტანის პოზიცია აკმაყოფილებთ. კომპანიების მხრიდანაც, უფრო მეტად ამ სამუშაოებზეა მოთხოვნა. იშვიათად, რომ ვინმე კომპანიის მენეჯერის ან ფინანსური დირექტორის ვაკანსიას გვთავაზობდეს", - აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მაღალ პოზიციებზე განაცხადი არც კომპანიებს შემოაქვთ. მოთხოვნა მათი მხრიდან, უმეტესად მომსახურების სფეროზეა.

"იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ისეთი, რომელიც კვალიფიციურ კადრს ითხოვს. შემცირდა ასევე მსხვილი კომპანიების განაცხადი, რასაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას ვუკავშირებ. ხდება ისიც, რომ ერთსა და იმავე რეზიუმეს მქონე სულ რამდენიმე ადამიანს უკავშირდებიან, როცა მათი რაოდენობა ხშირად რამდენიმე ათასს აღწევს.

როგორც წესი, სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობას ვადგენთ შემომსვლელთა რაოდენობიდან გამომდინარე. ყოველდღიურად მათი რაოდენობა რამდენიმე ათასამდეა. ზოგჯერ ერთსა და იმავე პოზიციაზე რეზიუმეს 8000-მდე მსურველი აგზავნის, მათგან კი მხოლოდ 7 ან 8 მსურველს შეიძლება დაუკავშირდნენ", - ამბობს ლელა მესხიშვილი, დასაქმების სააგენტოს თანამშრომელი.

მიზეზად, რის გამოც საქართველოში რეალური სამუშაო ადგილის პოვნა ჭირს, ექსპერტები არაჯანსაღ შრომით გარემოს ასახელებენ. მათი შეფასებით, სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა და შრომის კანონმდებლობაც ლამის მონათმფლობელური წესების დონეზეა. ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე, რომელიც კვალიფიციური კადრების დეფიციტთან დაკავშირებით მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნება.

"ჩემთვის ძნელად გასაგებია, რას ეძახიან კვალიფიციური კადრის დეფიციტს, როცა დასაქმების სისტემა არ არსებობს ქვეყანაში. თუ ვინმემ ასეთი კადრი ნაცნობებსა და საახლობლოში ვერ მოძებნა, არ ნიშნავს, რომ იგი რეალურად არ არსებობს. ვერავინ მეტყვის, როგორ შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს შრომის მაძიებელი და დამსაქმებელი, არც ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.

მონათმფლობელური წესებისგან ცოტათი დაშორებული შრომის კანონმდებლობა გვაქვს, ეს არის ჩვენი პრობლემა. ამაზრზენია დამოკიდებულება, რაც დამსაქმებელს დაქირავებულების მიმართ აქვს. სულ მცირე, უნდა არსებობდეს სამუშაოს მკაფიო აღწერილობა, ანაზღაურების პრინციპი, ჯანსაღი შრომითი ურთიერთობები და სხვა. არსებული შრომის კანონმდებლობა ამ ყველაფრისგან შორს დგას. ამიტომ არის დასაქმების პრობლემა ქვეყანაში და ვერც მოგვარდება, სანამ სისტემური მიდგომა არ შეიცვლება", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

ფაქტია, რომ დღეს ნაცნობობით დასაქმებას მეტი პერსპექტივა აქვს. ეს ფაქტორი რომ არა, შესაძლოა, ვაკანსიების ოდენობა ქვეყანაში ბევრად მეტიც ყოფილიყო.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"