აჭარაში ტურისტული ობიექტების მოქმედი თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურისტული ობიექტების მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას აგრძელებს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურისტული ობიექტების მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას აგრძელებს. ამ ეტაპზე ტრენინგი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს პიარ-კომუნიკაციებში “საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა ჩაუტარა. ის ტურ-ოპერატორებს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც აუცილებელია ტურ-სააგენტოების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და წარმატებისთვის.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურ სააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ატარებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 15 ტრენინგი ჩატარდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების შესახებ 125 განთავსების, კვებისა და ტურისტული სააგენტოების მოქმედი თანამშრომელი გადამზადდა. პირველ კვარტალში ტრენინგები ძირითადათ განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს, მიმტანებსა და ტურ ოპერატორებს ჩაუტარდათ ონლაინ დაჯავშნების, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პიარ-კომუნიკაციების შესახებ. წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 55-ზე მეტი ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

„ჩვენს მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში, დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მოგვმართოს ინიციატივით კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების თაობაზე. ჩვენი სატრენინგო ცენტრი დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებს და ტრენინგებს ძირითადად მოწვეული ტრენერები ატარებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენინგები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის,”- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.