ტელეკომპანია СТС-მა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გადაცემა მოამზადა

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ტელეკომპანია СТС-მა კიდევ ერთი გადაცემა მოამზადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ზაფხულის კამპანიის ფარგლებში, პოპულარული სამოგზაურო გადაცემის Russo Turisto-ს წამყვანებმა აჭარის რეგიონი დაათვალიერეს.

ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, იმყოფებოდნენ მტირალას ეროვნულ პარკში. გადაღების დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 24-წუთიანი დოკუმენტური ფილმი მომზადდა. აღსანიშნავია, რომ Russo Turisto-ს ზაფხულის სეზონის პირველი გადაცემა სწორედ აჭარის ტურისტული პოტენციალის გაშუქებას დაეთმო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით Russo Turisto-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა, მაშინ ჟურნალისტებმა ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გადაცემა მოამზადეს. ტელეკომპანია СТС რუსეთის გარდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში მაუწყებლობს. ტელეკომპანიას 120 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის სამ თვეში რუსეთიდან საქართველოს 144 764 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე