როდის დარეგულირდება თბილისის ქუჩებში ტაქსების მოძრაობა და ვის არ ექნება "ტაქსაობის" უფლება?

თბილისის ქუჩებში ბევრი რამ რომ არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი, ახალი ამბავი არაა.სხვადასხვა პრობლემას და განუკითხაობას ემატება ტაქსები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ხშირად არაადეკვატური მძღოლები მართავენ. მიზეზი? ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მანქანაზე დადოს ტაქსის ტრაფარეტი, გავიდეს ქუჩაში და დაიწყოს "მუშაობა". თუმცა საქმე ის არის, რომ ამისთვის, სინამდვილეში, მხოლოდ სურვილი არ უნდა იყოს საკმარისი. არ არსებობს ლიცენზია, არ არსებობს რაიმე გამოკვლევა, გამოკითხვა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩებში გამოდიან "სატაქსაოდ" და სხვა ადამიანების ტრასნპორტირების პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს ყველაზე მცირე პრობლემად შეიძლება იქცეს ის, რომ ტაქსისტმა ელემენტარულად, ქუჩები და მისამართები არ იცოდეს, არ იყოს მზად სხვა ადამიანებთან საკონტაქტოდ, ეწეოდეს მგზავრების სურვილის გაუთვალისწინებლად და არაჰიგიენურ მდგომარეობაში ჰქონდეს მანქანა. დიახ. ეს ყველაფერი მცირე მიზეზია იმასთან შედარებით, რომ ტაქსის მძღოლად შეიძლება მოგევლინოთ გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, ან მთვრალი, ან წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი... დიახ, სამწუხაროდ, ასეთი რამეებიც ხდება და არც ისე იშვიათად. პირადად თქვენი მონამორჩილი რამდენიმე დღის წინ კინაღამ ემსხვერპლა ასეთ მძღოლს, რომელიც აშკარად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრულიად არაადეკვატური იყო, ასევე არაადეკვატურად მართავდა მანქანას და როგორ გადავრჩით მე და ჩემი შვილები, ჯერაც სასწაულად მივიჩნევ ამ ფაქტს...

რა იგეგმება ამ მიმართულებით და თუ აპირებს მერიის სატრანსპორტო სამსახური რაიმე ცვლილებებს? შეკითხვებით მერიას მივმართეთ და მისი სათანადო უწყებების რამდენიმე თანამშრომლისგან მივიღეთ პასუხები:

- საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტაქსების სფერო რამენაირად თუ რეგულირდება?

- არსებული კანონმდებლობით, სატაქსო გადაზიდვები არ რეგულირდება, სახეზეა არაერთი ნეგატიური შედეგი და რისკი, რომელთა მართვაც რთულდება შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტების უქონლობის გამო. სატაქსო გადაზიდვების მომსახურების მიწოდებას უკონტროლო ხასიათი აქვს, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის უცნობია ამ საქმიანობით დაკავებული პირების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების და მათ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, აგრეთვე მათი სამოძრაო არეალები. არსებობს მგზავრის და მანქანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

სწორედ აღნიშნული არასახარბიელო სიტუაციიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიწყო სატაქსო გადაზიდვების სფეროს ეტაპობრივი რეგულირება.

ტაქსების მომსახურების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით მიმდინარეობს სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანია უსაფრთხოება, მომხმარებლის დაცვა, პროფესიული კუთხით მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნა, თანაბარი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომსახურების თანამედროვე ფორმებისა და მიდგომების წახალისება.

- უმეტესობამ არ იცის ქუჩები, ზოგიერთი მანქანას მართავს არაფხიზელ მდგომარეობაში. ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და მომრავლდა სავალალო შემთხვევებიც. რატომ აქვს ყველას უფლება, რომ "იტაქსაოს"?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატაქსო გადაზიდვების მომსახურების მიწოდებას უკონტროლო ხასიათი აქვს, არ არსებობს სტანდარტი, რომელიც გარკვეულ რეგულაციებში მოაქცევს ტაქსის მძღოლებს. მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული პირების კვალიფიკაცია და გამოყენებული მატერიალური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ სტანდარტებს, რომ მომსახურება იყოს უსაფრთხო მგზავრისთვის, მძღოლისთვის, მესამე პირებისთვის და გარემოსთვის. დოკუმენტი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მოიცავს საქმიანობის განხორცილების უფლების მოპოვებისთვის ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის და მძღოლების კომპეტენციის მინიმალურ მოთხოვნებს. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ტაქსების მძღოლებისთვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

განაგრძეთ კითხვა