ფოთში საქსოვი ფაბრიკა აშენდება

ქართულ-თურქული ინვესტიციით ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საქსოვი ფაბრიკა აშენდება.

პოტენციური ინვესტორები დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას შეხვდნენ.

”ეს იყო მორიგი შეხვედრა, სადაც თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქალაქის ბიზნეს გარემოს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტი. ფოთი ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. ისინი ეცნობიან ქალაქის პოტენციალს და სულ უფრო მეტად უჩნდებათ ინვესტიციების განხორციელების სურვილი, მსგავსი ინვესტიციები კი ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, - ნათქვამია ფოთის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა თავმჯდომარესთან დეტალებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქსოვი ფაბრიკის მშენებლობა მაისის თვეში დაიწყება, რომლისთვის საჭირო კონსტრუქცია და მასალა უკვე შეძენილია.

მშენებლობის პერიოდში ობიექტზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ფაბრიკაში 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე თოფურიამ თურქ ინვესტორებთან ერთად ფალიაშვილის ქუჩაზე საქსოვი ფაბრიკის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე