ახალგაზრდა მეწარმე მელანო დადალაური თელავში ტრენინგ ცენტრის მოწყობას გეგმავს

ახალგაზრდა მეწარმე მელანო დადალაური თელავში ტრენინგ ცენტრის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მელანო დადალაურმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ტრენინგები სოფლის მეურნეობის საკითხებს შეეხება.

”თელავში მსურს ტრენინგ ცენტრის მოწყობა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკითხებზე ჩაუტარდება ტრენინგები. მათ გამოცდილებას გაუზიარებენ გამოცდილი აგრონომები და სოფლის მეურნეობის ეკონომისტები. ასევე, საშუალება ექნებათ პრაქტიკაში ნახონ ყველაფერი, რასაც ტრენინგების სახით გაივლიან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - აცხადებს მელანო დადალაური.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ფინანსურ საკითხებზე მიმდინარეობს და ცენტრი, სავარაუდოდ, 2016 წლის დასასრულს გაიხსნება.

”დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე. ახლა ძირითადად, ფინანსურ საკითხებზე მიდის მუშაობა. სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება”, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.

ცნობისთვის, მელანო დადალაური თელავში, სოფელ კურდღელაურში სოკოს წარმოებას უდგას სათავეში. სოკოს მოყვანა 2 წლის წინ დაიწყო და ამჟამად სოკო თელავის ბაზარზე რეალიზდება.

თამარ კორკოტაშვილი