დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირდაპირ შემოსავლებზე მიბმა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირდაპირ შემოსავლებზე მიბმა არ იგეგმება.

როგორც მინისტრმა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე და ასევე სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს ირიბი ინდიკატორებით ისედაც ხდება, კერძოდ კი იმით, რომ საყოველთაო ჯანდაცვით ვერ სარგებლობს ის, ვისაც კერძო, კორპორატიული დაზღვევა აქვს.

“2013 წლის თებერვლიდან განისაზღვრა, რომ ის, ვინც კერძო დაზღვევით სარგებლობდა და შესაბამისად, საშუალო და მაღალი შემოსავალი ჰქონდა, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე ვერ გახდებოდა. ეს ლოგიკა ახლაც შენარჩუნებულია. დღეის მდგომარებით, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა და სახელმწიფო მათ ჯანდაცვაში ფულს არ იხდის“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ორ მონაცემთა ბაზას შორის არის გარკვეული ზედდება, რადგან ის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ განახლებულა და ეს შეუსაბამობა უნდა გასწორდეს.

“აღმოჩნდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ვისაც კორპორატიული დაზღვევა ჰქონდა, დაკარგა და დღეს საყოველთაო ჯანდაცვის სრული პაკეტით ვეღარ სარგებლობს და პირიქით, ვისაც ჰქონდა საყოველთაო ჯანდაცვა, შეიძინა კორპორატიული და ახლა სარგებლობს ორივეთი. ეს შეუსაბამობა უნდა გასწორდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.