დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მაკრის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია განახორციელა.

”საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.