ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება დაიწყო

ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელში (CENN) აცხადებენ, საქართველოს მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც, ძირითადად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი სოციალური ტყეკაფებით ხორციელდება, საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა.

„სატყეო და ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა შეშის დეფიციტი და დრამატული სხვაობა შეშის წლიურ მოხმარებასა და სახელმწიფოს მიერ კანონიერად გამოყოფილი საშეშე ხეტყის ოდენობას შორის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მომზადება დაიგეგმა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების იმპლემენტაციის საგზაო რუკით განისაზღვრა.

„შეშის ერთ-ერთ ალტერნატივად ჭრის ნარჩენებისგან და მეორადი ხე-ტყის ბიომასისგან წარმოებული ბრიკეტი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, გაეროს ფინანსური მხარდაჭერით და CENN-ის, GIZ-ისა და საქართველოს მწვანეების მონაწილეობით, ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს როგორც წარმოების, ასევე მოხმარების ევროპული ტექნოლოგიების შერჩევას და შესყიდვას, საწარმოო ციკლის გამართვას, ხე-ტყის შერჩეული უბნების ნარჩენებისაგან გაწმენდას და პრაქტიკული გადამზადების/ჩვენებების ციკლის განხორციელებას დაინტერესებული მხარეებისათვის“, - განაცხადეს CENN-ში.

მათივე ინფორმაციით, საწარმოსთვის შენობა ახმეტის მუნიციპალიტეტმა გამოყო. GIZ-სა და CENN-ის ექსპერტების მიერ უკვე საველე კვლევები ჩაატარა, დანადგარები შეირჩა და ტენდერი გამოცხადდა. ასევე მომზადდა პირველადი ანგარიში, რომლის მიხედვითაც შეირჩევა სატყეო ფართობები ძირნაყარი ხე-ტყის გამოსატანად.