1995-2015 წლებში საქართველომ ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება აშშ-სგან მიიღო

სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციიდან უსასყიდლო ფინანსური დახმარების ტრანზაქცია საქართველოში არაერთხელ განხორციელებულა. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტაციის მიხედვით, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის გაცემული გრანტების საერთო ოდენობა 2 071 470 000 აშშ დოლარს შეადგენს.

IDFI-ს კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხიდან, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ 2008 წელს გადმოეცა, რამაც 392 260 000 აშშ დოლარი შეადგინა. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით, გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - ამ პერიოდში ქვეყანამ 272 870 000 აშშ დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება მიიღო. 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა 182 140 000 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, 2015 წლის 31 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოსთვის 129 500 000 აშშ დოლარის ოდენობის უსასყიდლო ფინანსური დახმარება გამოიყო.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი, გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა - 12 600 000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (EC)- 550 370 000 დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 090 000 აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45 320 000 აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22 310 000 აშშ დოლარი.

ქრისტინე გამთენაძე