საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მარტის თვიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე საშუალოდ, ბარელზე 9 დოლარით, ხოლო ნიუ-იორკში - ბარელზე 10,08 დოლარით გაიზარდა. დღეისათვის, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 45.57 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა - 43.97 დოლარი ბარელზე.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 17 აპრილს კატარში გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრაზე, სადაც ნავთობის მოპოვების იანვრის თვის დონეზე „გაყინვის“ საკითხი განიხილეს. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. პროგნოზები არ გამართლდა და ფასები შემცირების მაგივრად ზრდისკენ წავიდა. ნავთობის ფასი დღეისათვის ბოლო 5 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.

ორგანიზაციის ცნობით, ნავთობის ფასების პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. კერძოდ, 1 მარტიდან დღემდე ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე საშუალოდ - 94 დოლარით, ხოლო 10PPM დიზელის ფასი საშუალოდ ტონაზე 61 დოლარით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოში საწვავის ფასების ბოლოდროინდელი ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გამყარებას ასახელებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: "მარტის თვიდან დაწყებული საქართველოს საცალო ქსელში ფასების ცვლილება რამდენჯერმე განხორციელდა. კერძოდ, 17-22 მარტს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა სახეობის საწვავის ფასი საშუალოდ ლიტრზე 3-5 თეთრით შემცირდა. ხოლო აპრილის თვეში საწვავის საშუალოდ ლიტრზე 5-10 თეთრით გაძვირება დაფიქსირდა".

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასე გამოიყურება: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,70-1,88 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60-1,75 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,40-1,65 ლარი; დიზელი -1,37-1,49ლარი; ევროდიზელი - 1,40-1,65 ლარი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე