ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა, შეიცვალოს

სისხლის სამართლის საქმეზე, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, შესაძლოა, შეიცვალოს.

ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იგეგმება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა - პაატა კიკნაველიძემ და ომარ ნიშნიაძემ შესთავაზეს.

დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსით, გამოძიების სტადიაზე, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ბედი შემდეგნაირად წყდება: როცა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილია, მას შესაბამისი შეტყობინება ბარდება და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებისთვის 90 დღის ვადა ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ ან სხვა კანონიერმა მფლობელმა სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში არ ჩაიბარა, თუ მისი ვინაობა უცნობია, არ არსებობს სატრანსპორტო საშუალების კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, იმის მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერია, თუ - არა.

“მართალია, თუ მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას შემძენის კეთილსინდისიერებას დაადგენს, სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო საკუთრებაში არ მიაქცევს და კეთილსინდისიერ შემძენს დაუბრუნებს, მაგრამ პროკურორის დავალდებულება, რომ ყველა შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც, როცა აშკარაა შემძენის კეთილსინდისიერება, საკუთარი შინაგანი რწმენისა და საქმის მასალების საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა მოითხოვოს, არასწორია“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალება არ დაიბრუნა და იმავდროულად, საქმის მასალებით შემძენის არაკეთილსინდისიერება არ დასტურდება, სატრანსპორტო საშუალება კეთილსინდისიერ შემძენს, პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით დაუბრუნდება. პროკურორი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, თუ მიიჩნევს, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერია. ასეთ შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნება შემძენს დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება, თუ პროკურორი შემძენის არაკეთილსინდისიერებას ვერ დაამტკიცებს.

პროექტის თანახმად, თუ ამოღებიდან 180 დღის ვადაში, ვერ დადგინდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი, ან ვერ მოხერხდა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარება, სატრანსპორტო საშუალების, როგორც ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდება საერთო წესით, მისი კეთილსინდისიერი შეძენისათვის დაბრუნების ან სახელწიფო საკუთრებაში მიქცევის გზით. ამავე დროს, მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს უნარჩუნდება უფლება, იდავოს სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების თაობაზე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.