რეგულაციები, რომლებიც ტაქსის მძღოლებისთვის არჩვენების შემდეგ ამოქმედდება

არჩევნების შემდეგ თბილისში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ ”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მესხიშვილი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მერიასთან ერთად ტაქსების რეგულაციებზე მუშაობს. „პირველ ეტაპზე იგეგმება ტაქსების რეგისტრაცია, რისთვისაც ტაქსის მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს საჭიროა, რათა ვიცოდეთ, რამდენი ტაქსი გადაადგილდება დედაქალაქში. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ალბათ, წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში”, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ”მუშაობა მიდის რამდენიმე მიმართულებით: ტაქსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს; სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა იყოს მოწესრიგებული; უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ტაქსის მძღოლს აქვს კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიგვიყვანოს; მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს შემოწმებული. ეს არის ძირითადი მონახაზი”, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარის ინფორმაციით, ასოციაცია თბილისის მერიას რეკომენდაციებს სთავაზობს: ”თბილისის მერიისთვის ჩვენი რეკომენდაცია ასეთია: ტაქსებმა ტექნიკური დათვალიერება დაიწყონ მაშინ, როდესაც დაიწყებს ყველა, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ეს უნდა მოექცეს ერთიან სისტემაში. დამატებით საუბარია იმაზეც, რომ ავტომობილებმა, რომლებშიც დამონტაჟებულია გაზის სისტემა, კიდევ ცალკე უნდა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება - ჩვენ ამ საკითხს არ ვეთანხმებით. მძღოლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ, რათა მათ შეეძლოთ ერთ ადგილზე მისვლა და ყველაფრის ერთიანად შემოწმება”.

მისივე თქმით, მძღოლმა უნდა მოიტანოს გარკვეული დოკუმენტაცია: ”ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა ნარკოლოგიურიდან (ცნობები არ უნდა იყოს ყალბი და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან დარეგულირდეს) და ცნობა ნასამართლობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვითხოვთ, რომ, როდესაც მსუბუქი სახის ნასამართლობაა და ადამიანი სრულიად ინანიებს უნებლიეთ ჩადენილ შეცდომას, მას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი ინტეგრაცია, მაგრამ, თუკი ადამიანი გაუპატიურების ან გატაცების მუხლით არის ნასამართლევი, მას კატეგორიულად უნდა აეკრძალოს მგზავრის გადაყვანა”.

დავით მესხიშვილმა რეფორმასთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა: ”ამგვარ რეფორმებს რისკები ყოველთვის ახლავს. სავარაუდო გათვლებით, საჭირო დოკუმენტაციის შესაგროვებლად, შესაძლოა, მძღოლს 200 ლარამდე დაეხარჯოს. საუბარია, ასევე, ტაქსის სანომრე ნიშნებზე და მისი საფასური (80 ლარი) ამ 200 ლარში შედის. ახალი რეგულაციების თანახმად, იმ ავტომობილებს, რომლებიც ტაქსიზე მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ნომრები. ჩვენი მოქალაქეების ნაწილისთვის ტაქსი მეორე სამსახურია. სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, საღამოს საათებში იწყებენ ტაქსიზე მუშაობას. ამ შემთხვევაში კი ტაქსიზე მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ სპეციალური ტაქსის სანიშნე ნომრების მქონე ავტომობილებს. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია, რადგან ამ ეტაპზე ეს არაფერს ცვლის უსაფრთხოების მხრივ. ტაქსის სანომრე ნიშნების შემოღება იმით აიხსნება, რომ მომავალში, სავარაუდოდ, უნდა გამოიყოს ადგილები, სადაც ტაქსის სანომრე ნიშნიანი ავტომობილები გაჩერდებიან”, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.