თბილისის მერია გარემოვაჭრეების საქმიანობის ორგანიზების საკითხებზე მუშაობს

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ამჟამად მერია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, რათა გარევაჭრობა უფრო ორგანიზებული გახდეს.

”ჩვენი გეგმა გულისხმობს შემდეგს, დამუშავებული გვაქვს გარევაჭრობის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს თბილისის გარკვეულ არეალებში ისეთი სივრცეების მოწყობას, გარკვეული სახეობის პროდუქციებზე, რომლებიც მისცემს ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებულ ფორმას”, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, მერია მუშაობს საკითხზე, რათა გარემოვაჭრეებმა თავანთი საქმიანობა სხვა სივრცეებში გააგრძელონ, სადაც ისინი გადასახადს არ გადაიხდიან.

”ეს იქნება, რა თქმა უნდა, მათთვის ისეთი ადგილები, სადაც შეძლებენ ყოველგვარი გადასახადის გარეშე ამ ვაჭრობის შესაძლებლობების ზრდას. ეს შეიძლება არ იყოს ის ადგილები, სადაც ისინი დგანან, მაგრამ იყოს ადგილები, რომლებსაც თუნდაც ბაზრობის ხელმძღვანელობა გამოუყოფს - საკუთარ გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე მისცემს მათ ამის საშუალებას. ჩვენ ვართ აქტიური კონსულტაციების რეჟიმში, პრაქტიკულად, ბაზრობების ხელმძღვანელობების მხრიდან ამის შესაძლებლობა და მზაობა არსებობს”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, გარემოვაჭრეთა პრობლემა რადიკალური გზებით არ უნდა გადაიჭრას.

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრება და მხარდაჭერა, რომ თბილისის იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს გარევაჭრობაა, ეს გარევაჭრობა იყოს უფრო ორგანიზებული და საკითხი გადავჭრათ არა ასეთი რადიკალური და საპროტესტო აქციებით, არამედ მაქსიმალურად კომპრომისული გამოსავლით, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მეტ-ნაკლებად მისაღები”, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეები და გარემოვაჭრეები დღეს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“ აქცია გამართეს, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობენ.

აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.