თბილისის გენერალურ გეგმაში ველობილიკების განვითარებაც იქნება ჩადებული

თბილისის გენერალურ გეგმაში ველობილიკების განვითარებაც იქნება ჩადებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება თუ დედაქალაქის მასშტაბით სად შეიძლება ველობილიკების განვითარება.

„თბილისის მერიამ განაშენიანების გეგმა დაუკვეთა შემსრულებელ ორგანიზაციებს, ერთ-ერთი მიმართულება იყო ჩვენი მხრიდან ველობილიკების განვითარების შესაძლებლობები და შესაბამისი მიმართულებები. ეს გვექნება გენერალურ გეგმაში. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ მდინარე ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციაში, რაც ახლახან მომზადდა გათვალისწინებულია ველობილიკების განვითარება მზიურის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. განვავითარებთ ველობილიკებს, ეს მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ნაკადების განვითარებისთვის. ქალაქის ფარგლებში სად იქნება შესაძლებელი ველობილიკების განვითარება, სრული სურათი გვექნება მოცემული გენერალური გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში ველობილიკების განვითარების კონცეპტუალური ნაწილი უკვე შემუშავებულია და ახლა მიმდინარეობს კონცეფტულური ნაწილის საპროექტო ნაწილში გადატანა.