„შავი ხვრელები“ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში და ცვლილებები, რომლითაც ის გაგრძელდება

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო, მიმდინარე წელსაც გრძელდება. აგროდაზღვევა სრულიად ახალი პროდუქტია საქართველოში, ამიტომ, პროგრამის მიმდინარეობას გარკვეული სირთულეები ახლავს. როგორც მისი ინიციატორები ამბობენ, 2016 წელს ეს პროგრამა განახლებული ვერსიით გაგრძელდება. პროგრამაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ წინა წელს სუბსიდიის წილი ვაზზე იყო 40 %, ხოლო სხვა დანარჩენ კულტურებზე - 60 %, წელს უკვე 10 პროცენტით მეტი იქნება, ანუ 50 % ვაზზე და 70 % - სხვა კულტურებზე. თუ ბენეფიციარი მიწას დაირეგისტრირებს, ან უკვე რეგისტრირებული აქვს თავისი ნაკვეთი, მაშინ კიდევ 10%-ით მეტი სუბსიდია ეკუთვნის, ანუ - 60 % ვაზზე და 80 % - ყველა სხვა დანარჩენ კულტურაზე. აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი გასული წლის მსგავსად, წელსაც 10 მილიონი ლარია. დაზღვეულია 34 სახეობის კულტურა, ბუნებრივია, მათ შორის ის კულტურები ჭარბობს, რომელიც საქართველოში პოპულარული და გავრცელებულია: ყურძენი, ციტრუსი, თხილი, ხეხილი და ბაღჩეული.

აღნიშნულ პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე „აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელს, ლევან მაღრაძეს ვესაუბრეთ:

ლევან მაღრაძე - წინა წლების საპილოტე პროგრამების შესახებ ვიტყვი, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროგრამები იყო, თუნდაც იმიტომ, რომ 193 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი დავაზღვიეთ. სახელმწიფო სუბსიდია 13 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენდა. ბენეფიციარებმა კი, 2 მილიონ 200 ათას ლარზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. სადაზღვევო კომპანიების მიერ 14,5 მილიონი ლარი იქნა გადახდილი ზარალში. ეს ციფრები თავისთავად მეტყველებს რამდენად აქტიური და მნიშვნელოვანი იყო ეს პროგრამა. ამიტომ, აგროდაზღვევის პროგრამა, ოღონდ შეცვლილი და განახლებული, წელსაც გაგრძელდება.

პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაზღვევა შეეხება სეტყვას, ჭარბ ნალექს, ქარიშხალს და საშემოდგომო ყინვას:

- „დაწესდა მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები. რადგან რისკები ძალიან მაღალია - თუნდაც გასულ წელს საქართველოში ძალიან ბევრი სტიქიური მოვლენა იყო. აუცილებელია სადაზღვევო კომპანიამ ეს რისკები სწორად შეაფასოს და ყველა ნაკვეთს შესაბამისი ტარიფი მიუსადაგოს, რათა შემდეგ ბენეფიციარებს პრობლემები აღარ შეექმნათ. ჩვენც ვცდილობთ, რომ მათ საქმე გავუმარტივოთ: თუ შარშან ბენეფიციარს 24 საათის განმავლობაში უნდა მოესწრო დარეკვა სადაზღვევო კომპანიაში და შემდეგ განაცხადის დასაწერად 5 სამუშაო დღეში უნდა მისულიყო, წელს მხოლოდ დარეკვა იქნება საჭირო - ისევ 24 საათში. დარეკვისას სადაზღვევო კომპანია ჩაიწერს ფერმერის პირად ნომერს, ან სადაზღვევო პოლისის ნომერს. ამის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია ბენეფიციარს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ესტუმრება. რა თქმა უნდა, კომპანიის ინტერესებში შედის რაც შეიძლება მალე ეწვიოს ბენეფიციარს, რომ მისი ზარალი უფრო მეტად არ გაიზარდოს. სიახლეა ისიც, რომ თუ შარშან ფერმერს 10 ჰექტარი და უფრო მეტი მიწა ჰქონდა, მოსავალს ვერ დააზღვევდა, წელს 100 ჰექტარიც რომ ჰქონდეს, 5 ჰექტრის ფარგლებში მაინც დააზღვევს, ანუ სახელმწიფო 5 ჰექტრის დაზღვევას კვლავ უზრუნველყოფს.

ინიციატორები აგროდაზღვევის პროგრამას წარმატებულად მიიჩნევენ, თუმცა ამ პროგრამით ბევრი ფერმერი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. მათ შორის არის კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს მკვიდრი კახა ბიჭიკაშვილი:

კახა ბიჭიკაშვილი - შარშან ივნისში სტიქიამ მთელი მოსავალი გამინადგურა, ვაშლის ბაღი ისე დაისეტყვა, რომ ერთი ცალი ვაშლიც არ დამრჩენია. დაზღვეული ვიყავი „ალდაგში“ და 97 ათასი ლარი მეკუთვნოდა. ერთი თეთრიც არ მომცეს იმის გამო, რომ ზარალის შესახებ მეხუთე დღეს შევატყობინე. დაზღვევის პროცესიც ძალიან გაგვიწელეს და ისე მოხდა, რომ დაზღვევაში გადახდილი ფული ტყუილად გავანიავე. ბოლოს, 97 ათასის ნაცვლად 7 ათას ლარს მთავაზობდნენ და იმაზეც უარი ვთქვი. ორჯერ მივწერე პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ახლა შეიძლება სასამართლოშიც შევიტანო სარჩელი. ხალხი ამ პროგრამით უკმაყოფილოა, რადგან ხელშეკრულებაში ისეთი „შავი ხვრელებია“, რომლის გამოც ათასგვარ შარში გაგხვევენ, ათასნაირად შეუძლიათ გადააკეთონ და გადმოაკეთონ, ამიტომ წელს უკვე აღარ ვაპირებ დაზღვევას, მირჩევნია ბუნებას მივენდო, ვიდრე კაბინეტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. რა აზრი აქვს, რომ მოსავალი დავაზღვიო, თუ ზარალს არ ამინაზღაურებენ?!

„ჩემს გარშემოც არაერთი ფერმერი იყო უკმაყოფილო: ზოგიერთი 2-3 წელია იბრძვის, რადგან დაზღვევის თანხა არ აუნაზღაურეს. ამ ხალხს ადვოკატებში კიდევ უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოუხდა, ამიტომ, როდესაც გაიმართება ყველაფერი და ეს სისტემა უფრო დაიხვეწება, ჩემს მოსავალს მაშინ დავაზღვევ“ - გვითხრა ბიოსასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელმა ნინა პეტროვა-ძნელაძემ:

- ამ რამდენიმე დღის წინ იყო ქარბუქი, რომელმაც სათბურებს სახურავი ახადა და დააზიანა. ივნისში კი, წყალდიდობამ მოსავლის ნახევარი გამინადგურა. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მოსავალი დაზღვეული გაქვს, მაგრამ ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული. 2015 წელს დოლარის კურსმა ყველანაირი რესურსი გამოგვაცალა, მე სესხი დოლარში მქონდა აღებული და ძალიან დავზარალდი. ხარჯს ხარჯი ემატება, გადასახადებს ვიხდი, კრედიტებია დასაფარი... მე რაც შემომთავაზეს, იმ პაკეტით თვეში 80-100 დოლარი უნდა გადამეხადა, რასაც ვერ შევძლებდი. დაზღვეული რომ ხარ, კარგია, მაგრამ ჯერ უნდა დავადგინო, რომელ კომპანიას აქვს უკეთესი პირობები და ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიო. ყველაფერს დავაკვირდები, იურისტებთან კონსულტაციას გავივლი და იმ კომპანიას ავირჩევ, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს“ - აცხადებს ფერმერი.

შეკითხვაზე, რით არის გამოწვეული უკმაყოფილო ბენეფიციარების სიმრავლე, აგროდაზღვევის პროექტის ხელმძღვანელმა გვიპასუხა:

ლევან მაღრაძე - ხარვეზები იყო, ჩვენ არც გვქონია იმის ილუზია, რომ არ იქნებოდა, რადგან ადრე აგროდაზღვევა საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ეს მუშა პროცესის თანმდევი პრობლემებია, რაც თანდათან უნდა გამოსწორდეს. უკმაყოფილების მიზეზი ხშირად იყო ის, რომ სადაზღვევო კომპანიას დროულად არ მიმართავდნენ, ან ხელშეკრულების პირობებს ყურადღებით არ კითხულობდნენ და არ იცნობდნენ. უმეტეს შემთხვევაში ფრანჩიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჩნდებოდა. გაუგებრობის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ 24 საათში უნდა დაერეკათ და არ რეკავდნენ, ასევე ბენეფიციარებს ეგონათ, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში მიიღებდნენ თანხას, რაც ჩვენი მოდელის ფარგლებში დაუშვებელია, რადგან ანაზღაურება რეალური ფასებიდან გამომდინარე ხორციელდება: რეალური ფასი კი მაშინ დგინდება, როდესაც ბაზარი ამ პროდუქტით გაჯერდება. მაგალითად, თუ ყურძენი ივნისში დაზიანდა, ბენეფიციარი ანაზღაურებას შემოდგომაზე მიიღებს ანუ მაშინ, როცა ის გაყიდდა თავის მოსავალს, ზარალი რომ არ მიეღო... მსგავსი გაუგებრობები მართლაც იყო, მაგრამ ვცდილობთ გამოსწორდეს: ვმუშაობთ, რომ ფერმერებმა ხელშეკრულება უფრო ყურადღებით წაიკითხონ. ასევე მნიშვნელოვანია შემფასებელი ექსპერტების თემაც - სამწუხაროდ, ექსპერტები, რომლებიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სწორად დაითვლიან და შეაფასებენ, საქართველოში ძალზე მცირეა, ამიტომ შემფასებელი ექსპერტების გადამზადებას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას ვაპირებთ. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა წარუმატებელი იყო.“

ხათუნა ჩიგოგიძე