რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის დროს და რამდენს ვიხდით ახლა ვარსკვლავების კონცერტებში ბიუჯეტიდან

2016 წლის აპრილიდან საქართველოში პროექტი Check-in Georgia იწყება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას მსოფლიოს დონის ვარსკვლავები ესტუმრებიან.ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი, Maroon 5 - ეს იმ ცნობილი შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოსმენის და ნახვის შესაძლებლობა ქართველ მსმენელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა. მოსახლეობას ეს სიამოვნება კი 29 მილიონი­ ლარი დაუჯდება, რაც მთავრობის სარეზე­რვო­ ფონდიდან გამოიყოფა.

ამ თანხით ფინანსდება კულტურული ღონისძიებების სერია, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, 29 მილიონიდან რა თანხა იხარჯება კონკრეტული შემსრულებლების ჩამოყვანისათვის და ამასთან, შედარებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ვარსკვლავების კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობა მოვიძიეთ:

როგორც ირკვევა ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, Maroon5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა. აღნიშნულ თანხაში განათებისა და გახმოვანების ხარჯები, ასევე აპარატურა, ეკრანები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ტრანსპორტირება და შემსრულებელთა თანხმლები პირების ჩამოყვანა შედის. კერძოდ, ეროს რამაზოტის კონცერტისთვის შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში 66 ადამიანი ფიქსირდება, რობი უილიამსი საქართველოს 55-კაციანი ჯგუფით ეწვევა, Maroon5 - 30, ხოსე კარერასი კი რვა პირის თანხლებით ესტუმრება ბათუმს. რობი უილიამსისა და ხორე კარერასის საშემოსავლო გადასახადი ჰონორარიდან 618 942 ლარს შეადგენს. ამასთან, სამინისტრომ საკონცერტო სივრცეების აზომვისა და ავტოკადის ნახაზების მომზადებისთვის 8 650 ლარი გამოყო, 4 დღით სპორტის სასახლის იჯარაში კი 55 ათასი ლარი გადაიხადა.

17-დღიანი ღონისძიებისთვის დინამოს სტადიონის მოსამზადებლად 3 654 367 ლარი გამოიყო. თანხა განათებისა და ეკრანების, ასევე საზღვარგარეთიდან ტექნიკის შემოტანის ხარჯებსაც მოიცავს.

როგორც ირკვევა, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-იც ფინანსდება, რომლის 77 მონაწილეს კულტურის სამინისტრო 1 197 144 ლარს გადაუხდის. ფესტივალის სცენის მოწყობასა და აპარატურის დაქირავებაზე 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ახლა კი გავიხსენოთ იმ ვარსკვლავების სახელები, რომლებიც გასულ წლებში, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტუმრობდნენ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ცნობილი უცხოელი მომღერალი, ვინც საქართველოში კონცერტი გამართა, უკრაინელი რუსლანა იყო - 2005 წლის 26 მაისს ჩატარებული კონცერტისთვის, "ევროვიზიის" გამარჯვებულმა ჰონორარის სახით 123 000 ლარი მიიღო.

2007 წელს, კოლუმბიელ სუპერვარსკვლავ შაკირას, რიყეზე გამართული კონცერტისთვის სახელმწიფომ მილიონნახევარი დოლარი გადაუხადა.

2007 წლის ივლისში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აჭარის სამკერვალო ფაბრიკაში სტუმრობისას, ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის თხოვნა გაითვალისწინა და ბათუმში იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანა, რაც ბათუმის ბიუჯეტს 166 970 ლარი დაუჯდა. უფრო ადრე კი, იმავე წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიოს კონცერტი თბილისშიც გაიმართა.

2010 წელს, ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1 683 000 დაჯდა. პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტში კი სახელმწიფომ 737 500 გადაიხადა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, ბათუმში ჩატარებული ანდრეა ბოჩელის კონცერტია - 2010 წლის ახალი წლის ღამეს ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ კლასიკური მუსიკის კონცერტში ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ბათუმელებს ახალი წელი მომდევნო წელსაც მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა მიულოცა - 2011 წლის 31 დეკემბერს ხულიო იგლესიასის კონცერტი ბათუმის მერიას 300 ათასი დოლარი დაუჯდა.

მართალია, მომღერლების რიცხვში არ შედის, თუმცა "ვარსკვლავურ ხარჯებში" აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს შერონ სტოუნის თბილისური ვოიაჟიც. 2011 წელს, ფილმის პრემიერაზე შერონის ორდღიანი ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის ჯიბეს დაახლოებით, ხუთი მილიონი დოლარი დაუჯდა.

ცნობისათვის, 2011 წელს, ავსტრალიის ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით ერთ-ერთი კონცერტი დააფინანსა, რასაც საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაშინ ავტრალიელმა კულტურის მინისტრმა თანამდებობდა დატოვა. შეგახსენებთ, ავსტრალიის ბიუჯეტი საქართველოს შემოსავლებს 80-ჯერ აღემატება.

რუსა შელია

AMBEBI.GE