ლარი არანორმალური სისწრაფით მყარდება

ეროვნული ბანკი დოლარს გამალებით ყიდულობს, რადგან ლარის მკვეთრ გაძლიერებას უფრთხის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამის გამო ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარება რამდენიმე დღით გადაიდო. საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ვალი არ აქვს. მათი უმეტესობა კი სესხს დოლარში იხდის, ამიტომ ერთი სული აქვს, მწვანე ვალუტა როდის გაიაფდება. ამიტომაც მოსახლეობისთვის ეროვნული ბანკის პოლიტიკა გაუგებარია.

სებ-ი კურსის მკვეთრი რყევის შემსუბუქებას ცდილობს, რათა ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტირების შესაძლებლობა ჰქონდეს. 20 აპრილს ეროვნულმა ბანკმა - 10 მილიონი დოლარი, 21 აპრილს კი 20 მილიონი შეისყიდა. ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს ერთბაშად 30 მილიონი დოლარი გამოაცალა. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,15-ის ფარგლებში იქნებოდა. მათი აზრით, ეკონომიკისთვის გამყარების ნელი, თანაბარზომიერი ტემპი უფრო მისაღებია.

20 აპრილს ბაზრიდან 10 მილიონი დოლარის ამოღების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების ტემპი მაინც ვერ შემცირდა. გუშინ "ბლუმბერგის" ელექტრონულ სისტემაში 1 დოლარის სავაჭრო ზღვარი 2,2150 ნიშნულამდე დაეცა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა ხელი კიდევ ერთხელ გამოიღო და ერთბაშად 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ერთი თვის განმავლობაში სებ-მა მიმოქცევიდან 55 მილიონი დოლარი ამოიღო.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,15-ის ფარგლებში იქნებოდა. "ვფიქრობ, ლარის გამყარების ტემპი ისედაც სწრაფია. ფაქტობრივად, თვე-ნახევარში ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ პოზიციები 27 პუნქტით გაიმყარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მართებულია. ბიზნესმა ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა შეძლოს. ვნახოთ, როგორ წავა ეკონომიკის განვითარების პროცესი. იმედია, ეროვნულ ბანკს მეტისმეტი არ მოუვა, დოლარის მასის შემცირებას ვგულისხმობ", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, სებ-ი ცდილობს, რომ კურსის მკვეთრი რყევა შეამციროს, ამასთანავე ზრდის რეზერვებს, რომელსაც შემდეგ საჭიროების შემთხვვაში გამოიყენებს.

"წინა წლებში, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა. ამჟამად მის კომპენსირებას ახდენს. თუკი იგი დოლარს არ იყიდის, მაშინ შესაძლოა, გამყარების პროცესი ძალიან სწრაფად წავიდეს, რაც ისეთივე არასახარბიელოა, როგორიც სწრაფი გაუფასურება. ეროვნული ბანკი აკვირდება კურსის ცვალებადობას და ცდილობს, გამყარების პროცესი ნელა წარმართოს, რომ ბაზრის სუბიექტებმა შეძლონ ამ ცვლილებებთან ადაპტირება. მივესალმები, რომ დოლარის შემოდინება გაიზარდა და ეს საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, დააგროვოს რეზერვიი იმ დროისთვის, როდესაც მისი დახარჯვის აუცილებლობა იქნება", - ამბობს თოქმაზიშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ შოთა გულბანის აზრით კი, ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებას ხელი არ უნდა შეუშალოს, ვინაიდან მოსახლეობისთვის, რომელსაც დოლარში აქვს სესხი, დაბალი კურსი მნიშვნელოვანია.

"განვითარებულ სამყაროში ეკონომიკის სიჯანსაღე მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს, თუმცა საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა. ისეთ უთანასწორო სიტუაციაში როგორც საქართველოშია, სავალუტო რყევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების მსყიდველობით უნარზე. შესაბამისად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის გამყარება უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ზიანის მომტანი", - მიიჩნევს შოთა გულბანი და დასძენს, რომ ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს იმ მოსახლეობის ინტერესი, რომლებსაც ვალდებულება დოლარში აქვთ და ლარის მცირედი გამყარებაც კი მათთვის დიდი შვებაა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განცხადებას 27 აპრილს მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"