კონგრესმენი სტივ რასელი აშშ-სა და დასავლურ ბანკებს ”იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო” ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს

ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პროცესი. ამ არჩევნებზე საქართველო გადაწყვეტს, რჩება თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თუ მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ , - ასეთი განცხადებით აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში ”რესპუბლიკელი” კონგრესმენი სტივ რასელი წარდგა.

კონგრესმენი საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის რუსეთის დომინირებისგან.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ბრძოლის რთული გზა გამოიარა.

მისივე თქმით, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველო რეფორმების გზას დაადგა და ქართველი ხალხის თვითგამორკვევის სურვილი აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ დააფასეს.

სტივ რასელის განცხადებით, საქართველომ, დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვისთვის მაღალი საფასური გადაიხადა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა.

თავის გამოსვლაში ”რესპუბლიკელი” კონგრესმენი აღწერს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიღწევებსაც. ის აღნიშნავს, რომ დღემდე რუსეთი ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს.

რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით.

კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს.

მისივე აზრით, ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით, რის კონტექსტშიც, კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს.

ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით: ის მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, ”გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”.