დიმიტრი ქუმსიშვილი - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რის შედეგადაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60%-ს გადააჭარბა, რაც პირველი პრეცენდენტია ქვეყნისთვის.

”ICAO-მ საქართველოს საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტი ჩაატარა 2007 წლის ივნისში, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მასზე დელეგირებულ ვალდებულებებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ფრენების უსაფრთხოებაზე საკმარის ზედამხედველობას. ამის შემდეგ დაიწყო ამ სფეროს მოწესრიგების პროცესი. 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში კვლავ ჩატარდა საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტი. აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აჩვენა ზრდა მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებებით. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის მიმართულებით, საავიაციო ხელისუფლებას ჰქონდა 44%-იანი გაუმჯობესება, ICAO-ს მიერ დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა სერტიფიცირების პროცესს. აუდიტმა მიიჩნია, რომ გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატების გაცემის პროცედურები საჭიროებდა გადახედვას. ამის გამო საქართველოს დაუდგინდა „წითელი ალამი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ ხარვეზის გამოსწორების კუთხით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ყველა აუცილებელი ღონისძიება გაატარა.

”სააგენტომ შეიტანა ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, გადაუდებელი ღონისძიებების ფარგლებში, 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადდა მორატორიუმი, განხორციელდა სერტიფიცირებისას გაცემული სპეციალური ნებართვებისა და აღიარებების გადამოწმება განახლებული პროცედურებისა და კითხვარების შესაბამისად. ასევე, დამატებითი საინსპექციო შემოწმებები ჩაუტარდათ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ავიაკომპანიებს. შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულ იქნა ICAO-ს მონაცემთა ბაზაში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა სააგენტოს მიერ ატვირთული ინფორმაცია და დაგეგმა კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტი, ქართული მხარის მიღწევების ადგილზე შესწავლის მიზნით. 2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, მისიის ფარგლებში, აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის პროცესი 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG).

”ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, ICAO-ს მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღმოფხვრილია. მიმდინარე წლის 19 აპრილს, მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხსნა „წითელი ალმის“ სტატუსი”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.