რუსი ადმირალი - ქართველ მესაზღვრეებს კარტოფილითა და წიწიბურით ყოველთვის ვეხმარებოდით

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმ განცხადებას გამოეხმაურა , რომლის თანახმადაც, უკრაინა მზად არის, ნატო-ს ეგიდით შავი ზღვის ფლოტილიას შეუერთდეს.

კომოედოვის თქმით, ეს განცხადება რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან რუსეთს, შავი ზღვის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უკვე აქვს შეთანხმებული ურთიერთქმედება შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთი კი ქართველ მეზღვაურებს ყოველთვის „კარტოფილითა და წიწიბურით ეხმარებოდა“.

„2011 წლის ზაფრხულში, ჩვენ, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობასთან ერთად, შევქმენით სწრაფი რეაგირების შენაერთი Black Sea Force-ი, რომელშიც შევიდა შავი ზღვის ყველა სახელმწიფო, მათ შორის უკრაინა. რა ფლოტილიები სჭირდება კიდევ პოროშენკოს, თუკი Black Sea Force-ის ურთიერთქმედების ფარგლებში ჩვენ, რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და საქართველომ ავიღეთ ვალდებულება ურთიერთმოქმედების შესახებ, ქართველ მეზღვაურებს კი ყოველთვის კარტოფილითა და წიწიბურით ვეხმარებოდით?“, - განაცხადა კომოედოვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით, შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ განცხადება გუშინ, რუმინეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს რუმინეთის ინიციატივას, შეიქმნას ნატო-ს ერთობლივი ფლოტილია შავ ზღვაში და უკრაინა მზად არის, ამ ინიციატივას შეუერთდეს, თუკი ნატო აღნიშნულ წინადადებას დაამტკიცებს.

4 აპრილს, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა მიჰეა მოტოჩმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე ალიანსი მხარს დაუჭერს შავ ზღვაში ნატო-ს ფლოტის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინული და ქართული საბრძოლო ხომალდები შევლენ.

მიმდინარე წლის თებერვალში კი, რუმინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუმინეთი მუშაობს სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც შავი ზღვის აუზში ნატო-ს ახალი სამხედრო-საზღვაო შენაერთის შექმნას ითვალისწინებს.

მაშინ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება 2016 წელს და რუმინეთი მას განსახილველად ნატო-ს პარტნიორებს წარუდგენს.

მიმდინარე თვის დასაწყისში კი, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, რუმინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა.