დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი არის ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება

ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ვარაუდობს ლარის კიდევ უფრო გამყარებას, მინისტრის თქმით, ”ერთმნიშვნელოვნად ვარაუდობს”.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც აუქციონზე დოლარს ყიდულობს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტრაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს”.

„ჩვენ ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, რაც სწორი პოლიტიკაა. ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება, ამიტომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარება, არის დაგეგმილი კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში თვითონ გააჟღერებს.

„არის დაგეგმილი კიდევ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ეროვნული ბანკი თვითონ გააჟღერებს რაღაც პერიოდში იმისთვის, რომ ლარზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა და ლარი იყოს უფრო საჭირო ეკონომიკაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.