,,პესოკზე’’ და ,,სოკზე’’ გვეცინება, სამაგიეროდ ,,რისერჩებს’’ ვატარებთ

რამდენიმე ხნის წინ შეხვედრაზე ვიყავი, ერთ-ერთი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან. სასიამოვნო შეხვედრა იყო, მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ მომავალი გეგმები.

,,რებრენდინგს’’ ვაპირებთ. ცოტა ხნის წინ ,,რისერჩი’’ გავაკეთეთ, რომელმაც გვაჩვენა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ყველაფერს ვცვლით დაწყებული სახელიდან, დამთავრებული ,,ფექეჯინგით’’. ,,ნეთვორქსაც’’ ვაფართოვებთ. მინდა ყველა მიმართულებით გავაქტიურდეთ. განსაკუთრებით ,,სოშალ’’ მედია მარკეტინგის და ,,კონტენტის’’ მიმართულებით. . . ’’ – მეუბნება კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

6 დან 5 წინადადებაში უცხო სიტყვამ გაიჟღერა. ,,ნეთვორქმა’’ და ,,ფექეჯინგმა’’ განსაკუთრებით გაიჭრიალა ყურში. რითი არ ჯობია ქსელი და შეფუთვა – გავიფიქრე. თუ ამ ტერმინების წარმოთქმა რამეს ამტკიცებს?! მაგალითად ,, მაგარ ტიპობას?!’’ . თუ 90 -იანებში უწმაწური სიტყვებით მოჰქონდათ თავი ქუჩაში, ახლა უცხოური ტერმინებით იწონებენ თავს-კაბინეტში. მე პირადად ამაში დიდ წინსვლას ვხედავ. უკვე კარგია, რომ ქუჩიდან ოფისებში გადავინაცვლეთ, ქუჩური ლექსიკიდან კი კოტლერის, თრეისის და ალენის სიტყვებს ვაკოპირებთ. მაგრამ მაინც რატომ ეს ,,ქოფი ფეისთ’’ ?! ხომ შეიძლება გადმოვთარგმნოთ და ისე ავითვისოთ.

შეხვედრიდან გამოსულს ჩემი მეზობელი გამახსენდა. ძველი თაობის ადამიანია. ამასწინათ სადარბაზოში შემხვდა დატვირთული, მაღაზიიდან გამოდიოდა. მივედი დასახმარებლად, გამოვართვი ჩანთები და მეუბნება: ,,დიდი მადლობა, ჩემს თავზე ვბრაზდები, მარტო ,,პესოკისთვის’’ ჩამოვედი და მერე მთელი მაღაზია გამოვიტანე. აჰა, შვილო ეს პარკი გამომართვი გთხოვ. ,,სოკები’’ დევს და ძალიან მძიმეა. . . მადლობა საყვარელო’’.

ამ სიტყვებზე გვეცინება, ჩვენი თაობისთვის რუსული ტერმინები მიუღებელია, სამაგიეროდ ჩვენ ,,რისერჩებს’’ ვატარებთ და ,,ქროს ფრომოუშენს’’ ვგეგმავთ. მერე რა, რომ ეს ინგლისურია და არა რუსული. ქართული ხომ არცერთი არაა.

ამ ცუკერბერგმა ხომ სულ ,,გამოგვაუცხოელა’’. ისე, რომ ,,შეარი’’, ,,სელფი’’, და ,,ლაიქი’’, ყურშიც აღარ ჭრიალებს.

მას შემდეგ სულ ვაკვირდები საკუთარ თავს. არც თუ ისე კარგი მდგომარეობა მაქვს. მართალია ,,აიდეა სქრინინგის’’ მაგივრად იდეების ფილტრაციას ვაკეთებ, ,,სთრათეჯიქ ფლენინგის’’ ნაცვლად სტრატეგიას ვგეგმავ, თუმცა ჯერჯერობით მაინც ,,ვაშეარებ’’ საინტერესო ,,პოსტებს’’, ,,პრაისსაც’’ ვაგზავნი და ,,კონტენტ მარკეტინგზე’’ ვმუშაობ. მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ მაწუხებს ეს უკვე კარგია. მარტო რომ არ ვარ ამ წუხილში,#იყიდექართულსაც რომ აწუხებს და მასშტაბურად მოგვიწოდებს #ისაუბრექართულად-ო – ეს კიდევ უკეთესი.

სალომე მეცხვარიშვილის ბლოგი contentmarketingroom.wordpress.com/

Content Marketing Room

Everyone has a story to tell. Whats your story?!

contentmarketingroom.wordpress.com