მიკროავტობუსების მძღოლები ვაზიანში საპროტესტო აქციას მართავენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზიანი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები, მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი და კომპანია ,,ინტერტრანსის" ყვითელ მიკროავტობუსებს სოფლის ტერიტორიაზე არ უშვებენ. აქციის მონაწილეები ვაზიანი-თბილისის მარშრუტზე ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მოხსნას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ,,ინტრტრანსის" შემოსვლის შემდეგ ისინი უმუშევრები, ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია შეუერთდა.

როგორც ალანიამ განაცხადა, ადგილობრივ მძღოლებზე ზეწოლა ხდება და მათ სადგურის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

,,ორი დღის ვადას ვაძლევთ გარდაბნის ხელისუფლებას, იმისათვის, რომ უმკაცრესად დაისაჯოს ვინმე მარგიანი, რომელიც გარდაბნის გამგეობის წარმომადგენელია ვაზიანში, ის ხელს უწყობს ამ დაძაბულობას, მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ჩასხდნენ მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებში და თეთრი მიკროავტობუსების მძღოლებს არ უშვებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი ბოლო გაჩერებაა. ასევე მოვითხოვთ გუშინ მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი დღის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

ვაზიანში, გუშინ მძღოლებს შორის შელაპარაკება ერთ-ერთი მძღოლის დაჭრით დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.