შიდა ფრენებისთვის რეგიონული აეროდრომების განვითარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

შიდა ფრენებისთვის რეგიონული აეროდრომების განვითარების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ავიაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკმაოდ კარგი წელია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პირველ სამ თვეში 70 286-ით მეტი მგზავრი შემოვიდა. მისივე თქმით, საქართველოში 30 ავიაკომპანია ფუნქციონირებს და სექტემბრიდან ახალი ფრენები დაემატება.

„აქტიურად დავიწყეთ მუშაობა რეგიონული აეროდრომების განვითარების საკითხზე. დავიწყეთ კერძო და საჯარო დიალოგი, ვხვდებით დაინტერესებულ ინვესტორებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე არაერთ ახალ აეროდრომზე გვექნება ძალიან კარგი ინფორმაცია. ეს არის შიდა ფრენებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.