სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა „შუახევჰესის“ მშენებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს. „ბარს შევუნარჩუნოთ მთა!“, „მოგვხედეთ, ცოცხლად გვმარხავენ!“ „მოგვეცით მშვიდობიანი ცხოვრების უფლება!“ , - ამ საპროტესტო ტრანსპარანტებით მახალაკიძეებში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ „შუახევჰესის“ მშენებლობის პერიოდში მათ ზიანი მიადგათ.

მოსახლეობის თქმით, ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში მყოფი სოფელი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის გაყვანის სამუშაოებმა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენა. ადგილობრივი ზურაბ მახარაძის თქმით, „შუახევჰესის“ მშენებლობის დაწყების შემდეგ დაიბზარა სახლები, დაშრა სასმელი წყლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები კი დასკდა და გამოუსადეგარია ხვნა-თესვისთვის.

„დღეს დედამიწის დღეა და მთავრობას მივმართავ, დავიცვათ მიწა, რომ ჩვენც ვიყოთ დაცულები. მახალაკიძეები თავიდანვე მეწყრულ ზონაში იყო და ამის დამადასტურებელი დასკვნებიც გვაქვს. მოსახლეობის ნაწილი დამეწყრის გამო გაასახლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვითხოვთ, მოგვხედოს ხელისუფლებამ და ნორვეგიული კომპანიის შემოსვლის შემდეგ რა ზარალიც მოგვადგა, აგვინაზღაურონ“, - აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

მახალაკიძეებში მცხოვრები ნინო ბერიძე აჭარის მთავრობას გეოლოგიური დასკვნის გაკეთებისა და ზარალის ანაზღაურების თხოვნით მიმართავს.

„მოვითხოვთ იმას, რაც წაგვართვეს. ორი მილიარდელის გამო მომავალ თაობას ვერაფერს ვუტოვებთ, საძოვრებიც კი აღარ გვაქვს. დაიბზარა სახლები და მთელი სოფლის მიწის ნაკვეთები განადგურდა. იყო გეოლოგიური დასკვნები რომლის მიხედვითაც, არ შეიძლეობდა აფეთქებები, მაგრამ ორი წელიწადია მაინც აფეთქებენ“, - აღნიშნა ნინო ბერიძემ.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება, რომელიც აჭარის მთავრობას მიმართავს, კომპანია დაავალდებულოს მოსახლეობის პრობლემების შესწავლისა დ აზარალის ანაზღაურების გარანტიების გაცემაზე.