ასტანაში „აჭარის დღე“ გაიმართება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე KITF-2016 აჭარის საზღვაო კურორტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე 20-22 აპრილს წარადგინა.

”საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში წარმოდგენილი აჭარის სტენდი გამოფენაზე ვიზიტორებისა და ტუროპერატორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ავიაკომპანიებისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია. ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ყაზახეთიდან სამი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, მათ შორის, ავიაკომპანია Skybus ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT და Southern sky”, - განმარტავენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს კი დეპარტამენტმა რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით, აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიები დაიწყო.

გარე რეკლამა - აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული. 25 აპრილს კი ასტანაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „აჭარის დღეს“ უმასპინძლებს, სადაც მედიის, ტურ-სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. მაისსა და ივნისში კი რეგიონში ყაზახი ტურ-ოპერატორების ინფოტურებია დაგეგმილი, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იზრუნებენ.