ირაკლი აბესაძე - თბილისის მთავრობას ვაიძულებთ, სოციალური დახმარების შესახებ დასაბუთებული აქტი გამოსცეს

ჩვენ აუცილებლად დაველოდებით და ვაიძულებთ თბილისის მთავრობას, რომ დროულად გამოსცეს სამართლებრივად დასაბუთებული აქტი, სადაც გარანტირებული იქნება სოციალური დახმარება , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ”ქართული ოცნების” წევრები მეტ სამართლებრივ გარანტიებს დებენ, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი განცხადებებია.

”ჩვენ კარგად ვნახეთ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს წევრების მხრიდან, რომ ისინი მუშაობენ წესზე და ახალ წესს დაამტკიცებენ იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ნოემბერსა და დეკემბერში სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერის მიღება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, რომ დღეს ისინი კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ გარანტიებს დებენ და კიდევ უფრო ხაზგასმით და მკაფიოდ საუბრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ მიერ არ იქნება გამოყენებული სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი თანხები. თუმცა ეს კვლავ ზეპირი განცხადებებია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად დაველოდებით და ვაიძულებთ თბილისის მთავრობას, რომ დროულად გამოსცეს სამართლებრივად დასაბუთებული აქტი, სადაც გარანტირებული იქნება სოციალური დახმარება”, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომუნალური ვაუჩერისთვის დღეისათვის 9 501 000 ლარია გამოყოფილი. მან შესაბამისი დოკუმენტებიც წარადგინა.

ჯაბა სამუშიამ ასევე განმარტა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე თავის თანხებს ნებისამებრ ვერ მიმართავს. სამუშიას თქმით, მერია ვალდებულია, თანხების დახარჯვის შესახებ საკრებულოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეათანხმოს.