მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს მთავარი ექსპერტი ვოლფანგ ლუტცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, ცენტრში ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღებას. ასევე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობასა და დათვალიერებას.

„თანამედროვე ეპოქაში ასეთი ცენტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გარემოსდაცვითი და ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით. ცენტრი დაეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროექტების ენერგო ეფექტიანად განხორციელების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს გავუფრთხილდეთ გარემოს და დავზოგოთ ხარჯები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სრულად პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს. სივრცის მოწყობა და ენერგოეფექტური სადემონსტრაციო მასალებით აღჭურვა ევროკავშირის პროგრამა INOGATE-მა უზრუნველყო.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა.