ფინანსთა სამინისტრო 2011 წლამდე წარმოშობილი, 69 700 გადამხდელის 1 410 407 433 2 ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერას გეგმავს

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი გაანგარიშებით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2011 წლამდე წარმოშობილი, 69 700 გადასახადის გადამხდელის 1 410 407 433 2 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოიწერება. გარდა ამისა, 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებიდან ძირითადი გადასახადის 339 513 617 ლარის გადახდის შემთხვევაში, 27 380 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება სანქციები - 623,570,423 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ციფრები ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათშია ასახული, რომელიც “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ერთვის თან.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერაა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ - 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და ასევე 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.

“ჩამოიწერება 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება. ჩამოიწერება 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დღეს მეორე მოსმენით - მუხლობრივად წარუდგინა.

“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი მოგების გადასახადის რეფორმას ეხება, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით განხორციელდება, ხოლო საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორცილებს. ამავე პროექტით, კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში იყენებს, ძირითადი საშუალების იმპორტისას, დღგ-ს თანხას აღარ გადაიხდის.