სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან რეგულარულ შეხვედრებს იწყებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები გაიმართება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში.

”აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ბიზნესმენებმა უშუალოდ მიაწოდონ თავმჯდომარეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ამ შეხვედრებზე ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა, თავმჯდომარეს წარუდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

პირველი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 11 მაისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაგეგმილი შემდგომი შეხვედრების თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეხვედრებზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 6 მაისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge”,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარემ 15 აპრილს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.