თბილისის საბავშვო ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გასაუბრება 900-მდე კონკურსანტმა გაიარა, მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 21 ქულა გადალახეს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სააგენტომ კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე გამოაცხადა. ტესტირება 10 იანვარს, გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. ზღვარი 1028 კონკურსანტმა გადალახა, რომლებიც ახლა გასაუბრებას გადიან.

გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსანტები, რომლებიც შესაბამის პოზიციაზე საჭირო ქულას დააგროვებენ, ჩაირიცხებიან სააგენტოს საკადრო რეზერვში და სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად დასაქმდებიან. რაც შეეხება საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებას, ამისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეავსოს დასაქმების სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოს სასურველი ვაკანსია. რომელიმე საბავშვო ბაღში, მითითებული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, მას დაუკავშირდებიან.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ახალი სამუშაო ადგილები ბაღების მშენებლობითა და მოქმედ ბაღებში დამატებითი ჯგუფების გახსნით შეიქმნა. ამასთან, წლის ბოლომდე, ახალი საბავშვო ბაღების გასხნისა და გაუქმებული ბაღების აღდგენის პარალელურად, დამატებით 400-მდე მოქალაქე დასაქმდება.