თაღლითობისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს შპს „გუნორის“ ხელმძღვანელი პირები - გიორგი ბორცვაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი და გრიგოლ ყურაშვილი დააკავა.

”გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.