სამების ტაძართან დღეს 350 ძირი ქოთანში ჩარგული კოლხური ბზა გაიყიდება

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძართან 350 ძირი ქოთანში ჩარგული კოლხური ბზა გაიყიდება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშვილმა განაცხადა, სამების საკათედრო ტაძართან დღეს „სართიჭალის სანერგე მეურნეობაში“ გამოყვანილი, ქოთანში ჩარგული 200 ძირი კოლხური ბზა გაიყიდება. ასევე, საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქოთანში ჩარგულ 150 ძირ კოლხურ ბზას გამოიტანს. არონიშვილის თქმით, ქოთანში ჩარგული ბზის ღირებულება სავარაუდოდ, 5 ლარის ფარგლებში იქნება.

დღესვე საქართველოს საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქაშუეთის ტაძართან, ბზის სახლში გახარების მსურველებს, 60-მდე ქოთანში ჩარგულ კოლხურ ბზას საჩუქრად გადასცემს.

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის გადასარჩენად, კამპანიის ფარგლებში - „ნუ მოჭრი ბზას“, ახლახან საქართველოს საპატრიარქომ და გარემოს დაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდეს, ბზობის დღესასწაულებს საკუთარ სახლებში გახარებული ბზის ტოტებით შეხვდნენ.

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს ხვალ აღნიშნავს. ბზობას ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. მორწმუნეები ამ დღეს ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან, რომლებიც ეკლესიებში იკურთხება. მორწმუნეები ნაკურთხ ბზის ტოტებს მომავალ ბზობამდე სახლებში ინახავენ.