„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის განახლება დაასრულა

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება დაასრულა. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, აჭარაში აწის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე გაიზარდა.

რეკონსტრუქციის პროექტი 2014 წლის მიწურულს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 12 მლნ ლარამდე შეადგინა. განახლებული ჰიდროაგრეგატი დღეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ დაათვალიერა.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია.

“აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება, რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხრივ ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას უწყობს ხელს. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს”, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა.

კომპანიის განცხადებით, გენერაციის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის საკუთრებაში არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურებზეც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას განაგრძობს.