დავით სერგეენკო - წამალი ძალიან ძვირია

ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია,

- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ჯანდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ”მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა”.

”ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან, წამალი ძალიან ძვირია. სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს - 1. ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს, ანუ ზღუდავს ბიზნესს; 2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს; 3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის”, - აცხადებს სერგეენკო.

მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის კონკურენცია სავარაუდო ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს მოგების მადას უმცირებს.

”ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამების გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე”, - აღნიშნავს მინისტრი.

სერგეენკოს განმარტებით, რეფორმის დაწყებისთანავე წამლების ფასმა იკლო.

”ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ. რეფორმის დაწყებისთანავე ფასებმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი”,- განმარტავს სერგეენკო.