ნოდარ ჯავახიშვილი - ჩემი აზრით, ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო

ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს ვუკეთოთ უნიკალური გზები, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე სავარაუდოდ მეორე, მესამე, მეოთხე მონაკვეთებზეც გამოცხადდება ტენდერები.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში სრულყოფილი პროექტი მზად იქნება და თითოეულ ამ მონაკვეთზე გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაციები გამოვლინდებიან.

„იმედია, რომ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება სრულყოფილი პროექტი და გამოვავლენთ გამარჯვებულ სამშენებლო ორგანიზაციებს თითოეულ ამ მონაკვეთზე, რომლებიც განახორციელებენ მშენებლობას. 2020 წლამდე ჩვენ არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად E-60, E-70 ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ. რაც შეეხება ალტერნატივას, ესეც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მომავალი ხელისუფლება გადაწყვეტს სამ წელიწად-ნახევრის მერე, თუ რა პირობებით იქნება და იქნება თუ არა ეს ფასიანი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, მისი როგორც დღეს მოქმედი მინისტრის აზრია, რომ ეს გზა აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს.

„მე თუ მეკითხებით, როგორც დღეს მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი და უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს, რადგან ჩვენ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამ ავტობანით დიდ ნაწილში არაქართველებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვადასხვას ვუკეთოთ უნიკალური გზები. მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის და უზარმაზარი ვალის დაფარვის ერთ-ერთი წყარო, რომელიც სახელმწიფოს დარჩება ამ გზიდან, ესეც უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე