ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ახალი კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, უკვე მეორე დღეა ლოს-ანჯელესში წამყვანი საგამოფენო ღონისძიება AFCI locations show, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან უყრის თავს, ქართულ სტენდს მასპინძლობს.

ქართული სტენდის ქვეშ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით ქართულ კერძო საპროდიუსერო კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირები ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ცნობილ კინომწარმოებლებთან და გააცნონ თავიანთი შესაძლებლობები.

მათივე ინფორმაციით, საგამოფენო შოუს ფარგლებშივე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელ-დისკუსიაში პროდიუსერებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილემ აუდიტორიას ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, ასევე შემუშავებული ე.წ cash rebate მექანიზმი გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალზე, კინოგადაღებისთვის საჭირო ყველანაირი რესურსის, მათ შორის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომპანიების არსებობასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებზე.

ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და კერძო საპროდიუსერო კომპანიების: JTW Metro, Millimeter Film და ABK communications წარმომადგენლებმა პირისპირ, ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს დაინტერესებულ პროდიუსერებთან, რომლის პარალელურადაც, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტენდის ვიზიტორებს ამომწურავად წარუდგინეს სამთავრობო ინციატივა, გადაღებისთვის ხელსაყრელი კონკრეტული ლოკაციები და პროგრამით გათვალისწინებული პირობები.

პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ორგანიზებით 25 აპრილს დაგეგმილია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.