„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე სამართალდამრღვევი გამოავლინა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ მიერ, ღამის ინსპექტირებისას გამოვლინდა რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი. მინდა გავაფრთხილო ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე უკანონოდ განათავსებს სამშენებლო, ინერტულ ან სხვა სახის ნარჩენებს, ჩვენ მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი“, - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძემ.

მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათამდე ფაქტს აფიქსირებს.