"შაჰ დენიზი 2"-ის მშენებლობის თითქმის 70% დასრულებულია

"შაჰ დენიზი 2"-ის პროექტის რეალიზაციის სამუშაოების თითქმის 70% დასრულებულია.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის სამუშაოები მნიშვნელოვნად დაჩქარებულია.

„სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოების, სანგაჩლის ტერმინალისა და საქართველოში საკომპრესორო სადგურების მშენებლობა თითქმის 70%-ით არის დასრულებული. პროექტთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.

ნაგიტ ალიევის განცხადებით, მომავალში სამხრეთ კორიდორით გაზის ტრანსპორტირება ირანიდან, ერაყიდან, კვიპროსიდან და ისრაელიდან იქნება შესაძლებელი.

„შაჰ დენიზი 2“-ის ფარგლებში გაზის მოპოვება წლიურად 9 მილიარდიდან 16 მიალიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

პროექტის თანახმად, გაზის მიწოდება თურქეთის და საქართველოს მომხმარებლებისთვის სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დაიწყება დაახლოებით 6 მილიარდი კუბური მეტრის რაოდენობით ყოველწლიურად, ხოლო ერთი წლის შემდეგ – დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება განხორციელდება საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.

შაჰ-დენიზი 2-ის ფარგლებში გათვალისწინებულია 26 გაზის წარმოების ახალი ჭაბურღილის გაბურღვა; 500 კმ სიგრძის ზღვისქვეშა მილსადენის გაყვანა, რომელიც ჭაბურღილებს ერთმანეთთან და ტერმინალთან დააკავშირებს; სანგაჩლის ტერმინალის გაფართოება; სამხრეთ კავკასიის მილსადენის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ახალი, პარალელური მილსადენით გაფართოება, რათა თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდეს.