”აჭარის დღე” ასტანასა და ვილნიუსში გაიმართება

ვარშავისა და მინსკის შემდეგ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეს“ ვარშავაში უმასპინძლა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, არაოფიციალურ მიღებაზე ქართული ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პოლონური მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საღამოს მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძები დაეგემოვნებინათ და თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის კულინარიულ მასტერკლასში. ასევე გასცნობოდნენ ქართულ, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებიც მიღებაზე წინანდლის პრემიის ლაურეატმა, ქედის ფოლკლორულმა გუნდმა „ელესა“ და ანსამბლმა „დაისი“ წარადგინეს. საღამოს მსვლელობისას წარმოდგენილი ფოტოპრეზენტაციის მეშვეობით, სტუმრები აჭარის ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების შესახებაც იღებდნენ ინფორმაციას.

„აჭარის დღეებს სამიზნე ქვეყნებში წელს პირველად ვმართავთ. ჩვენი მიზანია სამიზნე აუდოტორიას ვაჩვენოთ, თუ რა დახვდებათ აჭარაში ჩამოსვლისას, როგორია ჩვენი სამზარეულო, ფოლკლორი და ღვინო. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ სამ საღამოს თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში და უკვე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის დღეებს ჟურნალისტებსა და ტურ ოპერატორებში ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დაიბეჭდა და მომზადდა არაერთი მასალა აჭარისა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ ონლაინ, ბეჭდურ მედიასა და ტელესივრცეში. ტურისტული სააგენტოები კი, აქტიურად იწყებენ აჭარის ტურისტული პაკეტების დამუშავებასა და ტურისტული სეზონისთვის მზადებას”, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ვარშავის შემდეგ „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დღეს ასტანაში და 29 მაისს ვილნიუსში გამართავს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

„აჭარის დღეები“ სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.