”ბათუმის ბულვარის” ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ელექტრონული აუქციონები, რომლის გამოცხადებაც 22 აპრილს დაიწყო, 40-მდე სხვადასხვა კატეგორიაზე ეტაპობრივად ჩატარდება.

”აუქციონების შედეგად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სიმინდის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონი; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები;

ელექტრომობილი; ჩამოსასხმელი ლუდის ჯიხური (კასრი); ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი); საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი (ელექტრო); ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი.

5 D ატრაქციონი; სასწორი; სამასაჟო კუთხე (პლაჟზე); საინფორმაციო დახლები; ბურახის კასრი; ბატუტი; ლიტერატურული კუთხე; სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი); ტენისის, ბილიარდის მაგიდა; სასეირნო საბავშვო მანქანები; ქართული ღვინის კუთხე; საპრეზენტაციო დახლი, ასევე ბათუმში, კვალიათში, გონიოში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოეწყობა საპლაჟო ინფრასტრუქტურა და გართობისა და კვების ობიექტები, გარდა ამისა, მოხდება პლაჟების ბრენდირება”, - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, ბულვარის ადმინისტრაციამ, პირველ ეტაპზე აუქციონი ბათუმში, სანაპირო ზოლზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე გამოაცხადა.

აჭარის მთავრობის განმარტებით, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სამეწარმეო საქმიანობის განახორციელების საშუალება ექნებათ.

”დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08”, - განმარტავენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.